ორკინი საქართველოს განცხადება
გასულ თვეში სოციალურ ქსელში ორკინი საქართველო გახდა ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში უნებლიე დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. სამწუხაროდ, ამ პროცესში გარკვეული პირები უნებლიედ აღმოჩნდნენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ავტორები.
კომპანიის მიმართ გავრცელდა მცდარი, ცრუ და საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც კომპანიას მიაწერეს მიუსაფარი კატებისა და ძაღლების სიცოცხლის ხელყოფა, სასტიკი მოპყრობა და მათ მიმართ სხვა უკანონო და არაჰუმანური ქმედებები, მათ შორის მათი „გაქრობა“ (როგორც ეს თავად გავრცელებულ განცხადებებსა და კომენტარებში იყო მოხსენიებული) ან მათი დისლოკაცია მათთვის შეუსაბამო და საფრთხის შემცველ სივრცეებში. რაც მთავარია, აღნიშნული ბრალდებები არ ეფუძნებოდა არც ერთ ფაქტს, მტკიცებულებას ან ფაქტობრივ გარემოებას. თუმცა, ჩვენი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, მსგავსი ბრალდებების საფუძველი არ არსებობს და ვერც იარსებებს.
სამწუხაროდ, აღნიშნულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ შესაძლოა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს ჩვენს კომპანიას, თანამშრომლებს, დამკვეთებს, მომხმარებლებს, პარტნიორებსა და ინვესტორებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, ცალკეული პირებისგან ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღეს შეურაცხმყოფელი კომენტარები, განიცადეს მუქარა, შევიწროვება და აგრესია. ცალკეულ შემთხვევებში, საველე პირობებში მომუშავე თანამშრომლებს მოუწიათ ამ დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილე ცალკეული ინდივიდებისგან აგრესიული დამოკიდებულებისა და დაძაბული გარემოს პირობებში საქმიანობის გაგრძელება, რამაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მათ პროფესიული მოვალეობების მშვიდ გარემოში შესრულებას. ამ ყველაფერმა შეაფერხა ჩვენი საქმიანობა გასული დღეების განმავლობაში და შესაძლოა გამოუსწორებელი ზარალი მიაყენოს კომპანიას.
კომპანიის მხრიდან ხდება დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ავტორების და მათი მოტივების შეფასება იურისტებთან ერთად და ვაფასებთ მათი ქმედების ყველა შესაძლო და საჭირო სამართლებრივ ასპექტს, რათა საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ კომპანიის, ჩვენი თანამშრომლების, დამკვეთების, მომხმარებლებისა და პარტნიორების კანონიერი ინტერესები.
ამასთან, გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, დამკვეთს, მომხმარებელსა და პარტნიორს, რომლებმაც შეინარჩუნეს ობიექტურობა, გადაამოწმეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეს ჩვენს კომპანიას, მის თანამშრომლებსა და ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დამკვეთები თავადაც იზიარებენ გარემოს დაცვისა და ცხოველთა კეთილდღეობის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი დამკვეთებისთვის, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ეკოლოგიის, გარემოსა და ცხოველთა სამყაროს მიმართ მაღალი ცნობიერება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ საერთო ღირებულებებსა და ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული ჩვენი მრავალწლიანი საქმიანობა.
აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ორკინი საქართველო უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. მომსახურება გულისხმობს დეზინფექციას, დეზინსექციას, დერატიზაციასა და სხვა დაკავშირებულ სერვისებს. მათ შორის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა შენობა-ნაგებობებში ცხოველების მოხვედრის პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში, მათი ჰუმანური მეთოდებით დაჭერა და შენობიდან გაყვანა.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მავნებლების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის (IPM) პრინციპებს, სადაც პრიორიტეტია პრევენცია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქმიანობას ვაწარმოებთ საქართველოს მოქმედი და რელევანტური კანონით და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ნორმების ფარგლებში.
საქართველოში ამ ეტაპზე ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური ლიცენზია, ნებართვა ან პროფესიული ცენზი კანონით არ არის მოთხოვნილი.
კომპანიის ინვესტორებმა საქმიანობის დაწყებისას, 10 წლის წინ, მათ შორის სწორედ ამ მიზეზით გააფორმეს ხელშეკრულება ორკინის გლობალურ ბრენდთან, ფრენჩაიზის ლიცენზიის მოსაპოვებლად. ორკინი უკვე 125 წელია ამ დარგში საქმიანობს და 60-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი შვილობილი კომპანიებისა და დამოუკიდებელი ფრენჩაიზების სახით. ამ ინვესტიციაში კომპანიის მფლობელებმა და მენეჯმენტმა დახარჯეს და ხარჯავენ ისეთ რესურსს, რომელიც ქვეყანაში ამ დარგში ათწლეულები არ დახარჯულა. ინვესტორმა და მენეჯმენტმა ამ გზით მორალურად თავად დაუწესეს საკუთარ თავს საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნები და პროფესიული ცენზი.
ეს სტანდარტი გავრცელდა კომპანიის მიერ პროფესიონალი კადრების მოწვევის პრაქტიკაზე ან/და კოლეგების საწყისი ტრეინინგის და შემდგომ რეგულარული გადამზადების პროგრამის პრაქტიკაზეც, რომელიც სამაგალითო და სანიმუშოა.
რაც შეეხება უშუალოდ შინაური და გარეული ცხოველების დაჭერა-გაყვანის მომსახურებას, ნათელი და ცნობილია, რომ კომპანია მომართვაზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი არის შეჭრილი ჩვენი დამკვეთის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობით მყოფ სივრცეში (შენობა-ნაგებობასა და უშუალო ტერიტორიაზე ე.წ. წითელი ხაზების ფარგლებში), აზიანებს ან აბინძურებს ქონებას/პროდუქციას, ქმნის ჰიგიენა-სანიტარიულ და სურსათის უვნებლობის საფრთხეს (ან ამ მხრივ წარმოშობს რისკებს), აფერხებს საქმიანობას ან ქმნის სხვა შემაფერხებელ გარემოებას, რაც მათ შორის ცხოველისთვისაც შესაძლო რისკია.
რადგან კომპანიის მთავარი ამოცანაა შენობა-ნაგებობაში შეჭრილი ცხოველების გამოყვანა, ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ მათი ჰუმანური მეთოდებით დაჭერას და მათ დაბრუნებას მათთვის შესაბამის და უსაფრთხო გარემოში. შემდეგ, თუ შესაძლებელია, ჩვენ დამატებით ვახორციელებთ შენობა-ნაგებობაში შემდგომი არ დაშვების ტექნიკურ სამუშაოებს. ორკინი საქართველო არ არის პოპულაციის მართვაში ჩართული.
როდესაც შემთხვევა სცილდება ჩვენი საქმიანობის ჩარჩოებს, დამკვეთებს ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას ითანამშრომლონ შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოპულაციის მართვაზე, მათ შორის გადაყვანაზე, აღრიცხვაზე, რეგისტრაციაზე, ვაქცინაციაზე, სტერილიზაციაზე/კასტრაციაზე, ადაპტაციასა და შეფარებაზე.
გვესმის, რომ აღნიშნულ საკითხში საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქცია გამოწვეულია ცხოველთა კეთილდღეობის მიმართ გულწრფელი ზრუნვით და გარემოს დაცვის ძლიერი სურვილით და არა კომპანიისთვის ზიანის მიყენების სურვილით. ამიტომ, ნებისმიერ დროს მზად ვართ სამუშაო/პროფესიონალურ ფორმატში შევხვდეთ სურვილის მქონე კომპეტენტურ, დაინტერესებულ ან ინიციატივიან პირებს ინფორმაციის გასაცვლელად. ასეთმა პირებმა შეგიძლიათ მოგვწეროთ კომპანიის მეილზე info@orkin.ge, რათა დაიგეგმოს და ჩაინიშნოს შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა დაცვის მიმართულებით მოქმედ საინიციატივო ჯგუფებთან და რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან ინფორმაციის გაცვლისა და პროფესიული დიალოგის მრავალწლიანი პრაქტიკა უკვე გვაქვს. ამასთან, ყოველწლიურად ვატარებთ კომპანიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენი საქმიანობის სპეციფიკას, სამუშაო მიდგომებსა და მის ცალკეულ ასპექტებსა და კომპონენტებს.
კომპანიას, თანამშრომლებსა და ინვესტორებს გვჯერა, რომ ადამიანების უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა შესაძლებელია ცოდნაზე, თანამშრომლობაზე, ინფორმაციის გაცვლასა და პასუხისმგებლიან მიდგომაზე დაფუძნებული ერთობლივი ძალისხმევით.
ორკინი საქართველო

-Photoroom.png)



.png)


